logo
ENG



"მოგვცენ პირობა, რომ ვილოცებთ იქ, სადაც გვინდა" - ჩოხატაურში მუსლიმი თემი ისევ შეიკრიბა

14 იან 202111:37
3 წუთის საკითხავი
 
"მოგვცენ პირობა, რომ ვილოცებთ იქ, სადაც გვინდა" - ჩოხატაურში მუსლიმი თემი ისევ შეიკრიბა

ჩოხატაურის მერიასთან მუსლიმური თემის წარმომადგენლები დღესაც შეიკრიბნენ. ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ. მათი მოთხოვნაა, შეხვედრას დაესწრონ სასულიერო პირებიც. 

მათი თქმით, შეხვედრას, რომელიც გუშინ შედგა, მუსლიმური თემის მხრიდან ის ადამიანები არ დასწრებიან, ვინც მათ სურდათ. როგორც ამბობენ, არავითარი შეთანხმება მიღწეული არ არის. 

"მოლაპარაკება არ შემდგარა ჩვენთან შეთანხმებით, არც ის ხალხი წაუყვანიათ, ვინც ჩვენ გვსურდა. შეარჩიეს და წაიყვანეს 5 ადამიანი, რომლებიც თვითონ უნდოდათ. საჭიროა, ზემდგომი ადამიანი ჩაერიოს, მოვიდნენ, ხალხთან დაილაპარაკონ, მოგვცენ პირობა და იქ, ზემოთ [ხელისუფლებაში] ერთი ადამიანი იყოს გარანტი, რომ ჩვენ, მუსლიმი ხალხი ვილოცებთ იქ, სადაც გვინდა". - თქვა ჩოხატაურის მერიასთან მყოფმა ერთ-ერთმა მუსლიმმა. 

"ჩვენ ვითხოვთ, ჩაერიოს სამღვდელოება, სამუფტო. მოხდეს განხილვა, შემდეგ გამოვიდეს ეკლესიიდან ადამიანი და მოუწოდოს მის მრევლს სიმშვიდისკენ. ჩვენ მშვიდად ვართ". - თქვა სხვამ.

"ადგილობრივი მოსახლეობა, მუსლიმი თემი ეცდება ამ ყველაფრის განეიტრალებას, შერიგებას, კიდევ ყველანაირ კომპრომისზე წასვლას. რაც ვისაუბრეთ, იყო ის, რომ მოვრიგდებით, შევრიგდებით. მაგრამ ვერ ვისაუბრეთ იმაზე, რას გააკეთებენ ისინი. მათგან არ იყო პასუხი. ამიტომ გახდა საჭირო სასულიერო პირების ჩართვა.გვექნება სამლოცველო და არ შევაწუხებთ ჩვენს ქრისტიან ძმებს იმით, რომ მინარეთი გვექნება და ა,შ". - თქვა ბუკნარში მცხოვრებმა მუსლიმმა, ბესიკ პაიჭაძემ. 

გურიაში, ჩოხატაურის სოფელ ბუკნარში მცხოვრები მუსლიმების თქმით, ქრისტიანები მათ ლოცვის საშუალებას არ აძლევენ. ამბობენ, რომ მათ ბუკნარში ერთ-ერთი კერძო სახლი შეიძინეს და იქ სამლოცველო მოაწყვეს, თუმცა, ქრისტიანი მოსახლეობა მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და ლოცვაში ხელს უშლის. 

12 იანვარს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 3 მუსლიმს, მათ შორის ბავშვებს. შსს-მ ძალადობის მუხლით დააკავა კაცი, რომელმაც 17 წლის მუსლიმს თავში ქვა ჩაარტყა. 13 იანვარს გურიის გუბერნატორი და ჩოხატაურის მერი მათ მხოლოდ რამდენიმე წუთით შეხვდა. შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

მოგვიანებით, 13 იანვრის საღამოს, ჩოხატაურის გამგეობის შენობაში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც როგორც ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, ისე გურიის გუბერნატორი და ბუკნარის მუსლიმი და ქრისტიანი მოსახლეობა ესწრებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ თქვა, სოფელ ბუკნარის მცხოვრებლები "ჩვეულებრივად გააგრძელებენ ცხოვრებას და ლოცვას". იქვე მან მსგავსი შეხვედრების გაგრძელებებიც დააანონსა.  


close დახურვა